400 კმ

“მგონი ბოლოს მარტო მე და შენ დავრჩებით”

მაკლიხარ.
სხეულს უშენობა უტყობა.
თმას ვიშლი და თითებს იმ ადგილებს ვახსენებ, სადაც შენი ტუჩები შეხებია ჩემს კანს. ჩაშავებული უპეებიდან უძილებით გადაღლილი თვალები სივრცეს აშტერდებიან და ვხედავ სიმთვრალეში დამახსოვრებულ დეტალებს.
მოდიხარ, ყველგან შენი ხმა ისმის, ქუჩებს ეტყობათ, აქ რომ არ ხარ. ” ღვინით დაგსვრია კაბა, საყვარელო” – მეუბნები ორაზროვნად და სიცხიანი ქალის ფანტაზია შენ რომ ხარ, იმ ზღვის ჰორიზონტს სცდება. ყველაფერი მთავრდება და არაფერს აქვს აზრი, დროებით ვემშვიდობებით ერთმანეთს და ეს დროება ხანდახან დეკადებს ითვლის, ჰო, ათეულები მარტივი სათვლელია თითებზე, თუმცა ასატანია იმდენად ძნელი, მზად ხარ აღარ იარსებო, ოღონდ სათვალავი სიბევრის გამო მეათასედ არ აგერიოს.
მაკლიხარ.
ფილტვები კვამლით მევსება, თვალები – ლოდინით. სუნთქვას იკრავს სხეული ყოველ ჯერზე, როცა დღის მანძილზე მომხდარი ამბების ხარშვით გაბრუებულ გონებაში შენი სახელი გაკრთება.

იკუმშებოდა ყველა უჯრედი, აჩქარებით მოძრაობდა ყველა ნერვი და მუსიკას ჰყვებოდა მთელი სხეული, როცა ვიცოდი, რომ ახლოს იყავი, ხუთამდე ვითვლიდი დახუჭული თვალებით და… შენი თითები ჩემს მხრებზე, წელზე. მთელი სიძლიერით გიჭერ ხელებს ხელებზე, წამით ვფიქრობ, რომ გატკენ, მაგრამ მერე მახსენდება ჩემი შესაძლებლობები და აღარ ვშიშობ, რომ შეიძლებოდა რამე გტკენოდა. თავს მხარზე გადებ და სიგარეტის ბოლით დაბინდულ ჭერს ვუყურებ, ბევრს ვერაფერს ვხედავ და მზერა უფრო იშლება, როცა შენს ძლივსშესამჩნევ სუნთქვას ვგრძნობ ყურთან.. მერე მკოცნი და მე უნებურად მეხუჭება თვალები, მზად ვარ გაქრეს ყველა და ყველაფერი, ბოლო მოეღოს ყველა ცოცხალსა და არაცოცხალს, თუ ეს წამი გაგრძელდება, თუ შენი ტუჩები ისრიალებენ ჩემს სხეულზე.
სისულელეა, ყველაფერი სისულელეა, რაც აქამდე ყოფილა. შენ აქ ხარ და შენ ჩემი ხარ, დღეს და ახლა, ეს არის მნიშვნელოვანი, თუ ოდესმე რამეს შეიძლება ჰქონდეს მნიშვნელობა…
ჰოდა, მე შენ მჭირდები აქ და ახლა, მჭირდები მაშინ, როცა ამ სიტყვებს კითხულობ, მჭირდები მაშინ, როცა ამ ყველაფერზე ფიქრობ, მჭირდები მაშინ, როცა არ გეშინია. ვიცი, რომ იცი, ვიცი, რომ არ შეგეშინდება…
მაკლიხარ!

“ალბათ ბოლოს მარტო მე და შენ დავრჩებით”

n-6

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s