ხატობა (ნაწილი 1)

ბოლო დროს გაქცევები დამჩემდა. არ ვიცი, რისი ბრალია. ვითომ, ქალაქი და აქაური, ხმაურიანი ცხოვრების ციებ-ცხელება მომბეზრდა? არა. ბუნება შემიყვარდა? არ ვიცი. დედაჩემის გენმა იმძლავრა ჩემში? სულით ქართლელი უფრო ვიყავი, ვიდრე მოხევე, ყოველთვის ვგრძნობდი ამას. აბა, რისი ბრალი იყო ჩემი გაქცევები მთებში? ალბათ რაღაც არსებობს და ეს რაღაც ისე მაშინებს, ისე მზარავს, იმდენად მოქმედებს, რომ მზად ვარ გავქრე, ოღონდ ეს რაღაც არ მაწუხებდეს, ეს დაუოკებელი სურვილი გაქცევის, ეს დაუოკებელი სურვილი მთის და ეს დაუოკებელი სურვილი თავდავიწყების…
ასეა თუ ისე, 2016 წლის აგვისტოს ისევ დავკარი ფეხი და თუშ-ფშავ-ხევსურეთში წავედი. ხატობა იყო. შავი, მძიმე და მათრობელა ლუდით გაბრუებული დაკეპილხორციან ხინკალს შევექცეოდი და ჩემი ძველი ნაცნობის, გოჩას მამა-ბიძების სადღეგრძელოებს ვუსმენდი. გორაზე ბევრი ხალხი იყო, კაცები ლუდს სვამდნენ და სასმელმოკიდებულნი ჯმუხი წარბების ქვევიდან მოთოკილი გრძნობებით შეჰყურებდნენ მომსახურე ქალებს, რომლებსაც მუქი ფერის კაბები ეცვათ და შავი თავშლები მთლიანად უფარავდათ ალბათ ასევე მუქი ფერის თმას. ნახევრად შიშველი ბავშვები ხმამაღლა ჩლიფავდნენ ენას და მათ ჟრიამულს აეკლო მთელი ხატობა. მომლოცველნი უკვე დაშლილიყვნენ და გორაზე ტევა აღარ იყო.
სასმელი მეც მომეკიდა და უკვე ირონიული ღიმილი მეტყობოდა ტუჩის კუთხეში. ვიცოდი, ეს გამომეტყველება კარგ არაფერს მომიტანდა, მაგრამ, თითქოს განგებ, მომწონდა და მსიამოვნებდა ამ ირონიული ღიმილით რომ შევცქეროდი სიბრაზისგან უკვე ძარღვებდაბერილ მთიელ ყმაწვილებს. ისიც ვიცოდი, რომ გოჩა და მისი ოჯახობა მედგა ზურგს უკან და ხმას ვერავინ გამცემდა. გოჩას მამა ხევისბერი იყო, მისი რიდი ყველას ჰქონდა, ყველა უსიტყვოდ ემორჩილებოდა. ხევისბერის თვალების შემონათება ერთი სიკვდილი იყო, მტრისას, თუ თვალში უხეშად მოხვდებოდი, დანდობა და შებრალება არ იცოდა დამნაშავისა. გოჩას მისთვის სახელით არასოდეს მიუმართავს. ხევისბეროო, ჩაეკითხებოდა ხოლმე ვაჟკაცური, თუმცა მაინც შიშნარევი ხმით, ვგრძნობდი, მის გულს ბაგა-ბუგი როგორ გაუდიოდა, სულელური არაფერი წამომცდეს და უპასუხოდ არ დამტოვოსო მამამ, მაგრამ, რაც გოჩას ვიცნობ, სულ მოზომილად და დამჯდარად ლაპარაკობდა, უპასუხო კითხვას არ სვამდა, იცოდა, სად და როდის ჯობდა ხმის ამოღება. ასე ვისხედით ღია კარავში ცეცხლის გარშემო და ბინდდებოდა. ცოტა წამოწვიმა, ქალებმა შალები მოიხურეს, ბავშვები ნაბდებში გაახვიეს, კაცებმა პირიქით – გულმკერდი გაიღეღეს, თითქოს მთის წვიმის გაყინული წვეთები ათბობდნენ მათ სხეულებს. მოსაღამოვებულზე მათი თეთრი ფაფახები უფრო გამოიკვეთა და ახლა მთის ყვავილებივით ეფინნენ გორებზე.
ჩვენ ერთი გოგო გვემსახურებოდა. ეტყობოდა, ახალგაზრდა იყო, ახლად შეფურჩქნული. სავსე მკერდი და განიერი თეძოები მის ასაკს კიდევ ერთხელ უსვამდნენ ხაზს. არავინ სახეში არ უყურებდა. მე რამდენჯერმე ჩუმად გავაპარე მისი სახისკენ დაწვრილებული თვალები, მზესავით ოქროსფერი იყო, მკვრივი კანი ჰქონდა, ცასავით ლურჯი თვალები მხოლოდ ძირს იყურებოდნენ, მიჰქონდა და მოჰქონდა ხინკალი. ლუდს კაცები ამარაგებდნენ. გოგოს სწრაფი და მოქნილი მოძრაობები ჰქონდა, სხვა, წელში მოხრილ დედაკაცებს არ ჰგავდა, სწრაფად და სხარტად ცვლიდა ხინკლიან ლანგრებს. ვარდისფერი კაბის სახელოები იდაყვებამდე აეწია. მხოლოდ მის კაბაში ჩანდა წვივები, რომლებზეც გამუდმებით იყურებოდა, მხოლოდ ლანგრის დადებისას უყურებდა სუფრას, თითქოს დაპროგრამებული ლურჯი თვალებით არც ერთხელ არ შეუხედავს არავისთვის მუხლებს მაღლა. ამდენ ხალხში მხოლოდ ის მეცა ეკალივით გულში.

large (1).jpg
რიჟრაჟზე უკვე კარგად შემთვრალი ვიყავი, გოგო აღარ გვემსახურებოდა, სადღაც გამქრალიყო, ჰოდა, ნამთვრალევზე, როგორც ყოველთვის, გული მომეცა და გადავწყვიტე გამოვლაპარაკებოდი. მესუფრეებს მოვუბოდიშე და რამდენიმე ნაბიჯში სიგარეტს გავუკიდე. თვალებით ვარდისფერკაბიანს ვეძებდი. აქამდე მხოლოდ მისი ოქროსფერი თმა, კანი და ღია ვარდისფერი კაბა მხვდებოდა თვალებში ამდენ ჩამუქებულ ხალხს შორის, მაგრამ ახლა, თითქოს ბინდმა შთანთქა მისი ქერა თმა და კოჭებამდე დამოკლებული კაბა. გავიარე, ხის პატარა ხიდზე გადავედი და სველ ბალახზე ჩამოვჯექი, ირონიული ღიმილი სახიდან არ მშორდებოდა და მომწონდა ის დაფარული მზერა, რომლითაც ახალგაზრდა ბიჭები მიყურებდნენ ამ ღიმილის გამო. თვალებით ისევ ვეძებდი ვარდისფერკაბიანს, ჩემი ერთადერთი სურვილი გახდა. საწადელმაც არ დააყოვნა და „მოკლეკაბიანი“ გორის ჰორიზონტიდან წყლით სავსე ჭურჭლით მზესავით ამოიწვერა. თანდათან გამოჩნდა მისი მრგვალი მხრები, სავსე მკერდი, წვრილი წელი და ბოლოს განიერი თეძოები, ასე ლამაზად რომ იხრებოდნენ მოძრაობისას. ჩემი ირონიული ღიმილი უფრო გაფართოვდა და თითქოს ჩემთვის და ჩემკენ მოდიოდა, ისეთი თვალებით ვუყურებდი. თითქოს მხოლოდ მე და ის ვიყავით გორზე და მე ველოდებოდი, მთელი სხეულით და მონდომებით ველოდებოდი, როდის მომიახლოვდებოდა, წყალს დამალევინებდა, გვერდით მომიჯდებოდა… თითქოს ეს გარდაუვალი იყო…
ვარდისფერკაბიანმა ჩვენი კარვისკენ გადაუხვია, წყლიანი ჭურჭელი მაგიდის ახლოს დადგა, ისევ წვივებს უყურებდა, გამოტრიალდა და რამდენიმე ნაბიჯში მკვეთრად შემოიხედა, როცა ვაჟამ დაიძახა – “აღათა!” ვაჟას ხმა ბუბუნივით ჩაისმა, გოგომ მას სახეში შეხედა და წამსვე დახარა თავი, ვაჟა მიუახლოვდა, სახე ახლოს მიუტანა, ყურში რაღაც ჩასჩურჩულა, ოქროსფერთმიანმა თავი უფრო დახარა და სწრაფი ნაბიჯით წავიდა კოშკისკენ. ჩემი ირონია სიბრაზემ შეცვალა, „ნუთუ ვაჟას ცოლია? იქნებ უყვართ ერთმანეთი? ასე მკაცრად რა უთხრა, რომ გოგო წამსვე კოშკში მიიმალა? ალბათ ეტყოდა, წადი, სახლში დამელოდე და მეც მალე მოვალო. მივიდოდა, გახდიდა უწვივო, ვარდისფერ კაბას და მის შიშველ სხეულს საკუთარი ნაბდის ქვეშ დამალავდა, მასთან ღამეს გაატარებდა.“ უცებ ვაჟა შემზიზღდა, მისი დახრჩობის, სიკვდილის სურვილი მქონდა, მისი მშურდა, ვარდისფერკაბიანი მხოლოდ ჩემთვის მემეტებოდა. ან, როგორ შეეძლო ვაჟასნაირი ჯმუხი, დაბალი, ჩაფსკვნილი კაცის სიყვარული ამ საოცარ და აყვავებულ გოგოს? ალბათ ძალით მიათხოვეს – დავასკვენი გულში. ვაჟას სიკვდილი ისევ მხიბლავდა. ფიქრებით სული გავიწამე. ამ აზრებში გართულმა ისევ მოვკარი თვალი ჩემს (თუ ვაჟას) ვარდისფერკაბიანს. სამოსი გამოეცვალა, ახლა მისი კაბა წვივებსაც ფარავდა და აღარც ნათელი ფერის იყო. რაღაც შეუხედავი, ნაცრისფერი თუ გახუნებული შავი ჩაეცვა, თუმცა მაინც უხდებოდა. მის ტანსა და ოქროსფერ თმას ალბათ ყველაფერი უხდებოდა. აღათა რომ თვალს მიეფარა, მზერა გორაზე მსხდომ კაცებს მოვავლე, ყველა დამთვრალიყო, შუადღემ სმაში მოუსწროთ. აღარ ვიცოდი, რაზე მეფიქრა, ერთიანად ყველაფერი მომბეზრდა და შემძულდა. აღარც აქ ყოფნა მინდოდა, აღარც სმა, აღარც ირონიული ღიმილი, აღარც სხვა ქალი და აღარც სიცოცხლე. თითქოს ჩემმა ყოფამ აზრი დაკარგა, აღათა სხვას ეკუთვნოდა და ეს სხვა ჩემი მეგობარი და ხევისბერის შვილი ვაჟა იყო. სიცოცხლემობეზრებულს უკნიდან სველი ბალახის ჭრიალი მომესმა. ხელჯოხიანი მოხუცი მომიახლოვდა და მოხეური კილოთი, დაბრძენებული, მიმხვდარი, მამაშვილური ხმით პირაპირ მითხრა:
– ეგ ქალი, აღათა, ხევისბერის შვილია. ბარემ ბევრი ნატრობს მის ალერსსა და ქმრობასა, მარა, ვაი, რო არვისთვის არ ემეტება ერთადერთი ქალი ხევისბერსა. – მოხუცს არაფრისმთქმელი გამომეტყველებით ავხედე და თბილისურად ვუპასუხე:
– მერე, მე რა… – პასუხზე მოხუცს ჩაეცინა და მისმა მოხეურმა კილომ ისევ დაიპყრო ჩემი ყურთასმენა:
– არა სთქვა, რომა არ მოგწონ ეგ ქალი. რა ხანია, გიყურებ და თოლი არ მოგიშორებია, ძმამ რო შენიშვნა მისცა სამოსზე, ეგეც გეწყინა, გეტყობა, რომა გულჩი გყავ ჩავარდნილი. – არაფერი მიპასუხია და ისევ განაგრძო – ფრთხილად იყავი, მე გაგაფრთხილე… – ისევ ავხედე გაჭაღარავებულ, ხელჯოხიან კაცს და ამჯერად სახე მომექუფრა, შემეტყო…
– ნუ მიმზერ აგრე, ვაჟაუ, შენი გამოსავლელი მე უკვე გავიარე. ვიცი, რაც ხდება შენ გულჩი. – მოხუცურად, დამრიგებლურად გამიღიმა და ხიდზე გადავიდა.
ვაი, რომ მართლა იცოდა, აღათა რომ გულში მყავდა, თუმცა ეს სულაც არ მადარდებდა. მთავარი ის იყო, რომ ჩემი გულისსწორი ვაჟას ცოლი კი არა, და აღმოჩნდა. ისევ მომეცა იმედი და ისევ მივაშურე ჩემს ძველ კარავს, სადაც ხევისბერი რაღაც ძველსა და სევდიანს ყვებოდა.
ის ღამე ვაჟასთან მეძინა. ცალკე ოთახი დამითმეს, ერთი საწოლი, სამფეხა სკამი და წინ დაგებული ცხვრის ტყავი. საწოლის პირდაპირ სარკმელი იყო. დილით გვიან გამეღვიძა, სიგარეტს გავუკიდე და სარკმლიდან ხატობის გორას გადავხედე, მოქეიფეებს უკვე დაეწყოთ სმა. კარზე კაკუნი გაისმა, მობრძანდით – ვთქვი ხმამაღლა და სიგარეტი ჩავწვი. კარიდან აღათა შემოვიდა, ისევ ის გახუნებული კაბა ეცვა და თეძოებსაც ისევ გრაციოზულად, უნებურად ამოძრავებდა სიარულისას.
– პირს დაგაბანინებთ – მითხრა თავდახრით. მე გული ამიკანკალდა, ასე ახლოს მასთან არასდროს ვყოფილვარ, შეხებაზე და პირის დაბანაზე ხომ ზედმეტია საუბარი. ფრთხილად ჩამოვჯექი საწოლზე. მომიახლოვდა, ისევ იატაკზე იყურებოდა, უხმოდ და ფრთხილად დადგა წყლიანი ჭურჭელი სამფეხაზე, პირსახოცი მხარზე გადაიკიდა, ტოლჩით ჯამიდან წყალი ამოიღო და ვიგრძენი, როგორ ღელვით მელოდებოდა, როდის დავხრიდი თავს, გავუშვერდი პეშვს წყლის დასასხმელად. ასეც მოვიქეცი. წყალი ფრთხილად დამისხა, სიცივემ გამომაფხიზლა. სველი ხელები კისერზეც მოვისვი. მეორედ დამისხა წყალი, ამჯერად უფრო ჩქარა, ვგრძნობდი, როგორ ფრთხილად შესცქეროდა ჩემს კისერსა და ზელსზემოთ გაშიშვლებულ სხეულს, სანამ პირს ვიბანდი. როგორც კი თავი ავწიე, თვალები ისევ დახარა, ტოლჩა იატაკზე დადო და პირსახოცი საჩქაროდ გამომიწოდა. პირი შევიმშრალე. აღათამ სასწრაფოდ მოაგროვა ჭურჭელი, სველი პირსახოცი და ჩქარი ნაბიჯით მივიდა კართან. მივხვდი, რომ ორივე ხელი დაკავებული ჰქონდა და კარს ვერ გამოაღებდა, ნელი ნაბიჯით მივუახლოვდი გაჩერებულს. მის უკან დავდექი, ჩემი შიშველი გულმკერდის სიმხურვალე ორივეს გვწვავდა. დავინახე, ლოყები როგორ შეუწითლდა, თავი უფრო დახარა. მის თეძოსა და ხელს შორის გავყავი ხელი, ჩემი მკლავი მის წელს შეეხო, გავიგე, სუნთქვა როგორ შეეკრა. სახით მის კისერთან ვიყავი, ჩემი სუნთქვა კეფაზე თმას ურხევდა. კარის სახელურს ნელა შევეხე და გამოვწიე. ხელი უკან წამოვიღე და გზაში მის მუცელზე გავასრიალე, შეიკუმშა, აკანკალდა. წამში მოვშორდი და ერთ ნაბიჯში გავჩერდი. სწრაფი ნაბიჯით გავიდა ოთახიდან. მე კარი მივხურე, ტანზე გადავიცვი, ისევ გავუკიდე სიგარეტს და ვიგრძენი, როგორ მწვავდა სურვილი… ფანჯარაში გავიხედე, ქვევით ჩასულიყო, წყალი კოშკის ძირას გადააქცია და პირსახოცი თოკზე გაფინა. სამაგრის გაკეთებისას ერთი ამოიხედა, ვუყურებდი, შერცხვა და ჩქარი ნაბიჯით შებრუნდა კოშკში.
იმ დღეს მის მეტი აღარ მინახავს, ყველგან ვეძებდი თვალებით, მაგრამ ვერსად მოვკარი თვალი მის მიხვრა-მოხვრას. გარშემო სულ წელში მოხრილი, შავკაბიანი დედაკაცები და თეთრფაფახიანი მთვრალი კაცები მხვდებოდნენ. ჩემი გული და სხეული კი მხოლოდ მის ნახვას ლამობდა. უხასიათოდ ვიყავი მთელი დღე და დასაძინებლადაც ადრე წავედი, თავის ტკივილი მოვიმიზეზე ქალაქურად და კოშკში, ჩემს ოთახში ავედი. სიგარეტს გავუკიდე და სარკმლიდან გავიხედე. მოქეიფეებს დაშლა არ ეწერათ, სევდამ მომიცვა, თბილისზე ფიქრები ამეკვიატა. დღე, რომელიც მის გარეშე ჩაივლიდა, იქ ყოფნად არ მიღირდა, უნებური ფიქრები მიპყრობდნენ სახლზე.
ამ აზრებში ვიყავი, როცა კარზე ფრთხილი კაკუნი გაისმა. გული ამიჩქარდა იმ იმედით, რომ აღათა დამხვდებოდა კარს უკან.
– შემოდი – უკვე შენობითზე გადავედი, ისე მენატრებოდა და ისე ახლოდ მივიჩნევდი. კარი ვაჟამ შემოაღო, გულმა ბაგაბუგი წამსვე შეწყვიტა, მეწყინა ვაჟას შემოსვლა, სულ სხვას ველოდი…
– უკეთ ხარ? – გამიღიმა მან.
– კი, ცოტა თავი ამატკია აქაურმა ლუდმა, ბევრი მომივიდა, ეტყობა – ყალბად გავუღიმე პასუხად.
– ეგრე იცის – თავმომწონედ მხარზე ხელი დამიტყაპუნა ვაჟამ – თუ რამე, აქვე ვარ, ჩამომძახე და ამოვალ.
– აბა რა, ძმაო! – შევიპირე ვაჟა და ღიმილით გავაცილე ოთახიდან. ისევ დამიბრუნდა მის მიმართ მეგობრული სიყვარული და არც მისი დახრჩობის სურვილი მკლავდა უწინდელივით. აღათა მხოლოდ მე მეკუთვნოდა. ყოველ შემთხვევაში, მე ასე მინდოდა.
ვაჟას წასვლის მერე ისევ მომიცვა სევდამ, მაგრამ თბილისზე აღარ ვფიქრობდი, ახლა მხოლოდ აღათას ნახვა მინდოდა. მისი გრაციოზული მოძრაობებითა და მკვრივი კანით. ვიცოდი, რომ ვეღარ ვნახავდი და საბოლოოდ გადავიწურე იმედები. დავწექი იმ ფიქრით, რომ ხვალ, გათენებულზე პირს დამაბანინებდა. იქნებ სიტყვაც შემეკადრა…

ამჯერად ადრე გამეღვიძა. მთელი ღამე იმ იმედით ვიყავი, რომ დილითვე ვნახადი, თუმცა არც ამჯერად გაამართლა ინტუიციამ. თითქმის ორი საათი ვიყავი ოთახში, მთელი პაჩკა მოვწიე მის ლოდინში. ბოლოს ავდექი, ჩავიცვი და კარი გამოვაღე იმ იმედით, რომ მოქეიფეებს შორის მაინც ვნახავდი. კარი გამოვაღე და შემრჩა აღათა, ჩემი აღათა ხელში წყლითა და მხარზე გადაკიდებული პირსახოცით. შეკრთა, არ მელოდა, თვალები ისევ დახარა და გაშეშდა. მე თავი დავკარგე, საშინლად გამიხარდა მისი ნახვა, უცებ ყველაფერი დამავიწყდა, წელზე ხელი მოვხვიე და თითქმის შევათრიე ოთახში, ჭურჭელი გამოვართვი და ჩავიხუტე, სახესა და ყელს ვუკოცნიდი, გუშინ სად იყავი-მეთქი, ვეკითხებოდი. თავს წევდა, თუმცა არ გამძალიანებია. წყაროზე ვიყავი მთელი დღე, მარაგს ვავსებდიო მითხრა და ხელები მხრებზე ძლიერად მომხვია, გაჩერდა, აღარც თავს წევდა და აღარც ძირს იყურებოდა, თვითონაც მეფრებოდა, ოქროსფერ ხელებს ჩემს კისერსა და მხრებზე დაასრიალებდა. ვკოცნიდი ყველგან. თვალებში, ლოყებზე,სქელ ტუჩებში, ყელსა და მხრებზე, რომლებზეც კაბა გადასწეოდა და მრგვალ ფორმებს ცხადად ვხედავდი. მთელი ძალით ვიკრავდი სხეულზე მის წვრილ წელსა და მკვრივ მკერდს. ეს ქალი მიყვარდა. წამებში გავიძრე მაისური და ისევ მისკენ გავიწიე. უკან დაიხია, შეშინებული ლურჯი თვალებით შემომხედა და მზერა ამარიდა, რამდენიმე ნაბიჯი ისევ გადავდგი მისკენ, მაგრამ დაფრთხა, მზერა აუწყლიანდა, კაბა შეისწორა და თითქმის გაიქცა ოთახიდან. დავრჩი ასე, გაშტერებული. აღარ ვიცოდი, გამხარებოდა თუ არა ის, რაც მოხდა. რამდენიმე წამი ასე ვიდექი, წელზემოთ გაშიშვლებული და ხელებჩამოყრილი, მერე აზრზე მოვედი, პირი თვითონ დავიბანე, მაისური ისევ გადავიცვი და მოქეიფეებთან ჩავედი. ჩვენს კარავში შემადგენლობა არ შეცვლილიყო. სვამდნენ და იცინოდნენ. ვეცადე განწყობა გამომეკეთებინა და მხიარულად დავჯექი სკამზე, ლუდი დამისხეს და ისევ დაიწყო მემთვრალეობა. თვალებით ისევ ჩემს ქალს ვეძებდი, ასე ძალიან რომ შევტოპე დილით, იმის გამოსყიდვა მინდოდა, თუმცა, დარწმუნებული არ ვიყავი, რომ იმავეს არ გავიმეორებდი. რამდენიმე საათში აღათა გამოჩნდა, კაბაგამოცვლილი. ახლა შავი ფერის გრძელი, წელზე მოტმასნილი კაბა ეცვა და ისევ გამაგიჟებლად, გრაციოზულად მოძრაობდა. ახლა უფრო ჩქარა და აღელვებით, რამდენიმეჯერ წაიბორძიკა კიდეც, როცა იგრძნო, როგორ ვაცილებდი მზერით.
აქ მოხდა ის, რაც ყველაზე მეტად არ მინდოდა: ვაჟამ ჩვენი ფარული ლტოლვა და სირცხვილი შეამჩნია. ჯერ მე გამომხედა, მერე აწითლებულ აღათას, რომელმაც ისევ ოდნავ წაიბორძიკა. ხინკალი ორი მოკბეჩით გადასანსლა, ცხიმიანი ტუჩებით ლუდს დაეწაფა და დას შეუბღვირა. გოგო საჩქაროდ გაშორდა არემარეს და გორის ჰორიზინტში ჩაიმალა. რამდენიმე საათი არ გამოჩენილა. ასე აღარ შემეძლო, ბოდიში უნდა მომეხადა მისთვის და მეგობრის ნდობა დამებრუნებინა. სუფრიდან ავდექი და ვითომ ნელი ნაბიჯით გავისეირნე წყაროსკენ გორის იქით. სინამდვილეში კი ერთი სული მქონდა, როდის ვნახავდი და მოვუბოდიშებდი… ან ჩავეხუტებოდი… ათ წუთში წყაროსთან ვიყავი. აღათა მარტო იდგა, სარეცხს რეცხავდა წინ გადახრილი, ისევ ამიშალა სურვილები მისმა მოღეღილმა მკერდმა და სავსე თეძოებმა. მივუახლოვდი, გასწორდა, ცალ ხელში ნაჭერი ეჭირა, მეორე მკლავზე ეკიდა და გვერდულად იხედებოდა თავდახრილი. მივედი, ხელზე შევეხე, ღრმად ჩავისუნთქე და ვუთხარი:
– დღეს დილით… – მინდოდა მეთქვა, რაც მოხდა, არ უნდა მომხდარიყო და მაპატიე-მეთქი, მაგრამ სულ სხვა რაღაც წამომცდა – დღეს დილით რაც მოხდა, ისევ მინდა… – საკუთარ ნათქვამს არ დავუჯერე, მინდოდა გამომესწორებინა, მაგრამ არ დამცალდა, წამში მოტრიალდა და მთელი სხეულით მომეკრო. არ ველოდი, თუმცა ისევ ვიგრძენი, რომ ძალიან მიყვარდა, ეს ქალი მინდოდა! სასწრაფოდ შევუხსენი კაბის თასმები, მისმა აკანკალებულმა სხეულიმა ჩემი მხურვალე ტანი შთანთქა. დაღამებამდე ვიწექით ასე, ბალახებში, ნახევრად შიშვლები. ვეალერსებოდი სულ და ყველგან, თითქოს პირველი და უკანასკნელი ყოფილიყო ჩემთვის. არ მბეზრდებოდა, ვერ ვიბეზრებდი, არ მქონდა გაშვების ან გაჩერების სურვილი. შემოგვაღამდა. ადგა და ჩაცმა დაიწყო. მე ისევ ბალახზე ვიწექი და მისი ტანის სრულყოფილებით ვტკბებოდი, სანამ იცვამდა. კაბაზე ბოლო თასმა რომ შეიკრა ავდექი, კიდევ ერთხელ მოვეხვიე და ცხოვრებაში პირველად ხევსურულად მოვუქციე: „მიყორხარ, ქალავ!“ ამის გაგონებაზე მორცხვად გაიღიმა, ერთი უცებ მაკოცა და თითქმის გაიქცა კოშკისკენ. მე ბედნიერებისგან ანთებული და აღელვებული დიდხანს ვერ ვპოულობდი მიზეზს, რატომ ან როგორ შემიყვარდა ეს ქალი ასე და რატომ ვიყავი ასეთი ბედნიერი.
ცოტა ხანში მეც გავეშურე მოქეიფეებისკენ, ისევ მივუჯექი სუფრას და ბედნიერი სახით ლუდის სმა დავიწყე. ვაჟამ აშკარად შეამჩნია ჩემი ხასიათის ცვლილება და უფრო მოიქუფრა, თუმცა ჩემთვის არაფერი უთქვამს. ახლა ის ყველაზე ნაკლებად მანაღვლებდა, მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი კაცად მიმაჩნდა თავი, ყველაზე ლამაზი ქალი მე რომ მეკუთვნოდა, მისი პირველი და უკანასკნელი რომ ვიყავი.
ბედნიერება წამოსვლამდე გაგრძელდა. ღამ-ღამობით ჩემს ოთახში იპარებოდა და ვსაუბრობდით ყველაფერზე: მთაზე, ქალაქზე, ხატობაზე, ღმერთსა და ტრადიციებზე. ვეუბნებოდი, რომ მინდოდა ვერცხლისფერ კაბაში მენახა.
– მე რომ ვერცხლისფერი კაბა არასოდეს მინახავს? – მკითხა დარცხვენით და შეწუხებულმა.
– ვერცხლისფერი კაბა თუ არ გაქვს, მე გიყიდი! – შევპირდი და დარწმუნებულიც ვიყავი, რომ აუცილებლად ვუყიდდი გრძელ, ტანზე მოტმასნილ და წელს ქვემოთ ფრიალა ვერცხლისფერ კაბას, რომელშიც იმ წამსვე წარმოვიდგინე და უფრო ვიგრძენი, რომ თავდავიწყებით მიყვარდა.
– მართლა მიყიდი? – გაფართოებული თვალებით შემომხედა და  ლურჯის სიკაშკაშემ თითქმის დამაბრმავა.
– რა თქმა უნდა, გიყიდი, ჩვენს ქორწილში ჩაიცვი – მომივიდა ახალი აზრი.
თვალები გაუბრწყინდა, სუნთქვა გაუძლიერდა, ორივე ხელი კისერზე მომხვია და ისევ მთლიანად მომეკრა შიშველი სხეულით. ასეთი ბედნიერი მინდოდა მენახა სულ და მუდამ! ასეთი გახარებული. საერთოდ, ახალი და სასიამოვნო ამბები ისე აბედნიერებდა, ისე უჩქარებდა გულს და იმხელა იმედს აძლევდ, რომ ღირდა, მთელი მსოფლიოს სიკეთეების მისთვის მოყოლა.
წელზე ხელი შემოვხვიე და ზემოდან მოვექეცი. ისევ აკანკალდა და აწითლდა.
– პატარა სულელო მორცხვო ქალო! – გამეცინა და ვნებიანად ვაკოცე.
მთელი ღამე ასე გავატარეთ, საუბარსა და ალერსში. საოცრება იყო მასთან ყოფნა, გასაგიჟებლად მკვრივი და ცხელი იყო შიგნიდან, თმაზე მუდამ თონის პურის ან ყვავილების სურნელი ასდიოდა. “ეს იმიტომ, რომ პურს სულ მე ვაცხობ. დაბანიტ კი ვავილების ნახარშით ვიბან თმას” – მითხრა ერთხელ. თონის პური და ყვავილებიანი წყალი იქ ყოფნისას სამჯერ დამესიზმრა…
გამთენიისას ჩაეძინა. მე ძილი არ მეკარებოდა, შვიდ საათზე ავდექი, ჩავიცვი, გადაღეღილ მკერდზე ვაკოცე და გორებზე ჩავირბინე. რამდენიმე საათი არ გამოჩენილა, ვიცოდი, მშვიდად ეძინა და არ შემიწუხებია, არ გავაღვიძე…
შუადღის სამი საათი იქნებოდა, რომ ისევ იმ ვარდისფერ კაბაში გამოწყობილი გამოგვეცხადა მოქეიფეებს. ვაჟა ჩემ გვერდით იჯდა. აღათამ მორცხვად გამიღიმა, ძმამ ეს მზერა დაიჭირა, ტუჩები მაგრად მოკუმა, ხმაურიანად ადგა და კოშკისკენ გასწია. თვალი ისევ აღათას შევავლე, შეშინებული და იმედგადაწურული სახე ჰქონდა, ფეხისთრევით გაჰყვა ძმას უკანა გზაზე…

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s