“დაკარგულის დაბრუნება” part1

ვემზადები ნირვანისთვის,
ვემზადები თავის დაკარგვისთვის,
ვემზადები სამყაროსგან მოწყვეტისთვის,
ვემზადები კოსმოსური სიჩქარეების შესანელებლად, რათა ფიქრებისგან გამოწვეული სიამოვნება გავწელო,
ვემზადები ყოველდღიური აზროვნების დაკარგვისა და ზებუნებრივით ფიქრისთვის,
ვემზადები ტირილისთვის,
ვემზადები გათენებისთვის,
ვემზადები ამ ქვეყნის დავიწყებისთვის,
ვემზადები მაგიურთან შეყრისთვის,
ვემზადები, რომ შენზე ვწერო!

მე შენში მოვკვდი.
შენში გარდავისახე, შენში დავიმარხე, განუყრელად, განუცალკევებლად, დაუშორებლად, განუშორებლად. სხეული მიწას ეკუთვნის და ჩემი არსებობა შენ, როგორც ერთ მთლიანობას, მისგან დაბადებულსა და მასშივე განსვენებულს. ჩემი სამუდამო სამყოფელი ხარ, ჩემი თავშესაფარი და აკლდამა, რომელშიც სამარადისოდ რჩებოდნენ ფარაონები, ხოლო მათ წარსულ ცხოვრებაზე ჩვენს დროში ლეგენდები, მითები და ამბები დადის. შენ ჩემი სამუდამო სამყოფელი ხარ, სიცოცხლეშიც და სიკვდილის მერეც, ჩვენ მერე, წლების მანძილზე საუკუნოდ იცოცხლებს ლეგენდა იმაზე, რომ მთელი არსებით მიყვარხარ და არა მიყვარდი იმიტომ, რომ მეყვარები მაშინაც, როცა ჩვენზე ამბები მხოლოდ გონებასა და საუბარში იარსებებს, ჩვენზე რეალობას გააბუქებენ და რეალობა ასე იქცევა მითად, რომ ვითომ “მე მთელი ცხოვრება ლაბირინთში გავატარე, სადაც ვეძებდი რაღაცას, რაც მაიძულებდა ცხოვრება გამეგრძელებინა ისე, რომ თავი ბედნიერად მეგრძნო, ამ დროს, ოცწლიანი ბნელში ხეტიალის შემდეგ, ღმერთებმა უხილავი ხელი მკრეს და სიბნელეში გადამალულ მზესავით თბილ, ნათელ, ლამაზ, მბრწყინავსა და მწველ ბიჭს წავაწყდი, რომელმაც დანახვისთანავე იმდენად მიმიზიდა, რომ სამუდამოდ დავრჩი მასში და როცა ღმერთებმა ჩემს ბედნიერებას წერტილი დაუსვეს, გადაწყვიტეს, რომ შენში დავრჩენილიყავი და სამუდამო სამყოფელი ამ მზეში მიმიჩინეს. ასე გავიზარდე შენთან, ასე დამანახე სითბო, ასე მამყოფე ნათელში, ასე დამიტიე მთელი სხეულითა და სულით, ასე გამანებივრე სიცოცხლის ბოლომდე და ასე დამითმე შენში ადგილი, რომელსაც ჩემ გარდა ვერავინ დაიკავებდა.” მითი ჩვენ შესახებ იქნება აბსოლუტური სიმართლე იმიტომ, რომ შენ მართლა ხარ ჩემი პირადი მზე, მე, რომელიც სიბნელეში ოცწლიანმა ბოდიალმა დამღალა და უაზროდ დავეხეტებოდი გამოუვალ ლაბირინთში, მე, რომელმაც აღმოგაჩინე ღვთის ნებით და გაიძულე შეგყვარებოდი მთელი ჩემი ნაკლოვანებებით, ჩამოხეული ტანსაცმლითა და დალურჯებული, ჭუჭყიანი სხეულით! ეს მიქნა ლაბირინთმა, რომელშიც ჩემი ნებით შევაბიჯე და ალბათ ასეც უნდა მომხდარიყო, რადგან ეს რომ არ მექნა, არც ღმერთების უხილავი ხელი მომიყვანდა შენამდე, ჩემს მზემდე, ჩემს პირად მხსნელამდე და დავკარგავდი ყოველგვარ უნარს შეყვარებისას.

შენ ხარ სიყვარული.
შენ მე დაგისაკუთრე, გაიძულე ჩამოგებანა ჩემი ტალახიანი სხეული, გამოგეცვალა ტანსაცმელი, დაგევარცხნა თმა და ჩემ შემდგომ ყოფაზეც გეზრუნა იმიტომ, რომ თავი შეგაყვარე. თავი შევაყვარე თვით სიყვარულს და მე ყველაზე იღბლიანი ადამიანი ვარ იმიტომ, რომ სიყვარულს ვუყვარვარ გადაუყვარებლად! იმდენად ვარ დაავადებული შენით, იმდენად გაიდგა სხივები შენმა არსებამ ჩემში, რომ მთლიანად ვარ შენით მოცული, შენით ვარ გამართული, ჩემო მზეო. შენით დავავადდი წლების წინ და ვერცერთი წამალი ვერ შველის ჩემს ავადმყოფობას, ავად ვარ და ჩემი დაავადება არის ერთადერთი, რაც გადამარჩენს! როგორც ნარკომანის ერთადერთი შველა ისევ ნარკოტიკია, ისე ჩემი დაავადების ერთადერთი წამალი შენ ხარ! შენ ხარ სიყვარული! შენით ვარსებობ და ვსულდგმულობ და ეს ერთადერთია, რაც დედამიწას ატრიალებს, შენზეა დამყარებული ჩემი სიცოცხლე და ცხოვრება, ჩემი არსებობა და არარსებობა! უშენოდ ისევ ლაბირინთში ვივლი ბნელი, ცივი, ეკლიანი კედლებით გარშემორტყმული და უკვე აღარავინ მომიყვანს შენამდე! ამიტომ მინდა, რომ გაგიფრთხილდე, ამიტომ არ გეწინააღმდეგები, ამიტომ გეთანხმები, ამიტომ გეკუთვნი, ამიტომ გისრულებ!!! უშენოდ აზრი აღარ აქვს, უშენოდ დავიკარგები, უშენოდ ვერ ვიარსებებ, უშენოდ ისევ გადავალ უსასრულობაში, ისევ გავქრები კოსმოსური მტვერივით და დავეცემი ხან რომელ, ხან რომელ პლანეტაზე. უსარგებლო ნივთივით შემოვდებ ჩემს გრძნობებს კარადის ყველაზე ბნელ, უკანა თაროზე და აღარ დაველოდები ყველაფრის მოწესრიგებას, აღარც შევეცდები… თუ წახვალ…

მე დამოკიდებული ვარ შენზე.
გრავიტაცია აღარ, შენ მიმაჯაჭვე დედამიწაზე, შენში გავაგრძელე ცხოვრება, შენშივე დავრჩები, მხოლოდ შენთანაა ჩემი ადგილი, შენ გაქვს ის მოხაზულობა, რომელიც ზუსტად ემთხვევა ჩემი სხეულისას, შენ ხარ ჩემი პაზლის ფირფიტა, რომელშიც მილიმეტრების სიზუსტით ვჯდები. შენი არსებობა უკვე თავისთავად ნიშნავს ჩემ არსებობას და შენი გაქრობა, ჩემ გაქრობას, რადგან შენში ვარ იმდენად ღრმად, რომ თავის დაღწევის ყოველი მცდელობა იმდენად უაზროა, ფიქრიც არ ღირს ამაზე იმის გათვალისწინებით, რომ სურვილი არასდროს მქონია შენგან შორს ვყოფილიყავი, ასე არაფერს აქვს აზრი, უშენოდ ნიშნავს უღმერთოდ, უსიყვარულოდ, უმეგობროდ, უსინათლოდ, უგრძნობოდ… უშენოდ უკვე ნიშნავს გარდაცვალებას იქ, სადაც მიწასაც არ აქვს შენი ადგილი. სამუდამოდ შემინახე შენად, სამუდამოდ შემინახე შენთვის!

ჩემი არსებობა არაფერია.
ჩემი არსებობა ცალკე ვერ იარსებებს, ვერ იქნება ლექსიკონში სიტყვა, რომელიც ცალკე, დამოუკიდებელ არსებობას აღნიშნავს ჩემსას, ვერც აზრები ჩასწვდებიან მაგდენს, ვერც გრძნობები აღიქვამენ ამდენად… მე უშენოდ იგივეა, რაც აღნიშნავს ორ ურთიერთგამომრიცხავ საგანს ან მოვლენას, მე უშენოდ არ ვარ. თუ შენ არ იარსებებ, მაშინ, მეც შეცდომით დავბადებულვარ, მაშინ არ ყოფილა ჩემი ადგილი ამ ქვეყნად, არც იმ ქვეყნად და არც არსად, სადაც არ იარსებებ. ჩემი არსებობის საზომი ხარ, ჩემი სამყოფელის განმსაზღვრელი. შენ თუ მოძრაობ, მეც ვმოძრაობ, შენ თუ იღიმი, მეც ვიღიმი, შენ თუ ჩერდები, მეც აღარ მაქვს ნაბიჯის გადადგმის სურვილი. ჩემს სურვილებსა და ემოციებსაც განკარგავ, ჩემი საკუთარი მე ხარ ალბათ, ძალიან, ძალიან ჩემი!
ან მე….

უზომო სიყვარულით – მე

Photo N (72)

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s