3:33 am

1907482_1694156814137816_8560717255322885449_n

ყველა ნაბიჯი არეულია, ხმა ჩამწყდარი, სხეული უუნარო და მობეზრებული.
როცა არ გაქვს ძალა და გამძლეობა გაუმკლავდე ყველასა და ყველაფერს. როცა გეშინია მარტოობის, მაგრამ ერთადერთი გამოსავალი მარტოობაა და ეს აზრი გაწამებს წამის ყოველ მეასედში. არ არსებობს გზა, არ არსებობს იმედი, რომ ეს ოდესღაც დამთავრდება, რომ ეს ოდესღაც დაგტოვებს. ყოველი საცოდავი მცდელობა შეცვლისა ისეთი მარცხით მთავრდება, თავიდან დაწყების სურვილი თითქოს საუკუნეებით გტოვებს.
ამას არაფერი შველის, არც ღია ფანჯარა, არც ლიმნიანი წყალი და არც უდიდესი სურვილი ყველაფრის დალაგებისა. ეს უბრალოდ ასეა, ეს ასე უნდა იყოს.

თავიდან ყველაფერი კარგად იყო, თავიდან ყოველთვის კარგადაა. მერე უშვებ კოსმიური მასშტაბის შეცდომას და იმდენად გერევა ცხოვრება, საწყის წერტილს ვერ პოულობ, რომ საიდანღაც დაიწყო დალაგება, თუმცა ეს ერთგვარი წამოწყება იმდენად უპერსპექტივოა, რომ საკუთარ ხლაფორთზე გეცინება, გეცინება და ისტერიკა გეწყება, რომ არაფერი გამოგდის. ვერ ივიწყებ წარსულს, რომ მომავლით იცხოვრო, რომელშიც წარსულის გადმონაშთების ადგილი არაა, თუმცა, რომ ითქვას, სწორედ ეს გადმონაშთებია ასეთად რომ გაქციეს.

…და მაინც, რატომაა ისე, რომ გვიწევს რაღაცის დათმობა, რაღაცასთან შელევა და შეგუება მხოლოდ იმიტომ, რომ ვერ ვთმობთ, ვერ ველევით და ვერ ვეგუებით მეორის არსებობას, ან არარსებობას.
ხან ისე გეშინია თუნდაც ვარაუდის, რომ რაღაც მოხდება, მზად ხარ თავი ასი პროცენტით მოიტყუო, ოღონდ ეს ვარაუდი გონებაში აღარასოდეს მოვიდეს და შარშანდელი თოვლივით გაქრეს მეხსიერებიდან. თან ისე იქცევი, თითქოს ამ ვარაუდს ათასჯერ გაუვლია შენი ტვინის (მოქმედი) უჯრედები, მაგრამ არასდროს შეხებია სხვა ორგანოებს, ათის ხარისხებში რომ განიცდიან ყველაფერს. ჰო, მერე რა, რომ იტყუები, ვითომც და არაფერი?? ესეც ერთგვარი თამაშია, თუ აგყვებიან, მშვიდად ხარ და ყველაფერი კარგადაა (??), თუ არადა ისევ რჩები შენსავით მარტო, როცა გძინავს და 9 მილიარდიანი დედამიწის ზურგზე ერთ ადამიანს ვერ მოძებნი, რომ ახსოვდე და სჭირდებოდე. ამიტომაა ასე, ამიტომ ვერ ვლაგდებით, ამიტომ ვერ ვპოულობთ დასაწყისს დასალაგებლად, რომ არავის არავინ ადარდებს სინამდვილეში და ჩვენ ყველა რაღაც ძალიან დიდის, უშველებლის, გრანდიოზულის ნაწილი ვართ, რომელსაც, თუ მოუნდება, ერთი ხელის მოსმით, ერთი პაწაწუნა თვითგანადგურებით ისე დაგვშლის და გაგვასწორებს მიწასთან, როგორც ჩვენ ვშლით ფიქრის გრიგალს ჩაძინებით, რაც ერთგვარი მინი სიკვდილია, მე ვფიქრობ…

თუ ჩვენ მამოძრავებელ და შემცველ მასას შეუძლია სუიციდით ჩვენც გაგვანადგუროს, რატომ იწვევს ჩვენში “პირადი სუიციდი” (!!!) გრანდიოზული მასშტაბების აღშფოთებას?! თუ ამ მასას უნდა და იკლავს თავს ჩვენ დასაშლელად და გასანადგურებლად, რატომ არ შეიძლება ივლისის მზიან დღეს ნებისმიერ ჩვენგანსაც მოუნდეს რაღაც თავისის განადგურება და შეწყვეტა, რაც იმ დიდი მასისთვის არაფერი, თუმცა ჩვენთვის ყველაფერია, რადგან, როგორც ჩვენი მასა შედგება ჩვენგან, ისე ჩვენ შევდგებით ჩვენი პაწაწუნა ნაწილებისგან, რომელთა დაშლა-განადგურების გადაწყვეტილებას თავად ვიღებთ.
მაგრამ სუიციდი ისევ რჩება პრობლემად, განხილვის საგნად, შესაცოდებელ მიზეზად.

თუმცა ხან ყველაფერი ასე უბრალოდ არ არის და ცხოვრებაში კარგავ, მაგრამ პოულობ, აღმოაჩენ და ჰო, ამისთვის ღირს სიცოცხლე, ღირს, რომ ჩვენმა ნაწილაკებმა ისევ იცოცხლონ, ღირს, რომ ჩვენ ვიცოცხლოთ და მასამ სუიციდზე ხელი აიღოს, ცოტა ხნით მაინც… ყველაფერი მშვენივრად იქნება. ხანდახან მეც მესმის თქვენი.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s